Published using Google Docs
მკ – გაყინული ეპიზოდი – ტ1.doc
Updated automatically every 5 minutes

... ხელოვნების ნაწარმოები, როგორც თავისებური თქმა, ყოველდღიურ–პრაქტიკული, საყოფაცხოვრებო ენით მეტყველებასთან შედარებით, ძნელად აღწევს ხოლმე გაგებას და ამიტომაც მის მიერ აუდიტორიის მოპოვება არ არის თავისთავად ცხადი, იმთავითვე უზრუნველყოფილი ვითარება.

სახელდობრ, რაში გამოიხატება ხელოვნების ნაწარმოების გაგების, მის მიერ აუდიტორიის მოპოვების სიძნელე? იმაში, რომ იგი ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, ყოველდღიურ–პრაქტიკული, „ბუნებრივი“ პოზიციის მიხედვით, რაღაც უჩვეულოს და თანაც უჩვეულო ენით თქმაა.

ადამიანი გარკვეულ სოციალურ გარემოში, გარკვეული სოციალური წყობის პირობებში ცხოვრობს, სადაც საყოველთაოდ მიღებული გარკვეული იდეალი და რაღაც შესატყვისი ძირითადი საცხოვრებო პრინციპები და შეხედულებები ბატონობენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ამ იდეალითა და პრინციპებით, შეხედულებებით ხელმძღვანელობს. იგი ინერციით ცხოვრობს ...

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი საგანგებოდ არიდებს თვალს საკუთარი არსების სიღრმეს და აქედან მისი ცხოვრების გამოსავალ სახელმძღვანელო პრიცნციპებს, უბრალოდ, მათ მხრივ დასახულ გეზს ინარჩუნებს.

ხელოვნების ნაწარმოები კი იმის თავისებური თქმაა, თუ რაში გამოიხატება ადამიანის საკუთრივ ადამიანური არსება და რას წარმოადგენენ, რა მნიშვნელობებს იმსახურებენ ამის მიხედვით საგნები და მოვლენები. ამიტომაც არის იგი რაღაც უჩვეულოს თქმა.

ყოველდღიური ცხოვრების დონეზე ადამიანი საყოველთაოდ შეთანხმებული, მიღებული, დასწავლილ–დამახსოვრებული ბუნებრივი ენით ოპერირებს, ამგვარ ენასაა შეჩვეული და ამგვარი ენაა მისთვის ჩვეული ენა. ხოლო ხელოვნების ენა, როგორც თავად საგანთა და მოვლენათა მნიშვნელობების უშუალო „გამოცხადება“, „გამომეტყველება“ და „მეტყველება“ უჩვეულოა მისთვის.

ხელოვნების ნაწარმოების, როგორც თავისებური თქმის გაგების სიძნელე, მის მიერ აუდიტორიის მოპოვების სიძნელე იმითაა განპირობებული, რომ იგი ყოველდღიურ–პრაქტიკული, „ბუნებრივი“ პოზიციის ნიადაგზე ადამიანისათვის რაღაც უჩვეულოს, თანაც უჩვეულოდ, უჩვეულო ენით თქმაა. ამიტომაც ხელოვნების ნაწარმოების გაგება „ბუნებრივი“ პოზიციის შეცვლას, ანუ ყოველდღიური ცხოვრების ინერციისადმი წინ–აღდგომასა და მის დაძლევას გულისხმობს, რაც საკუთარი თავისადმი თავისებურ „ძალდატანებას“ მოასწავებს.

ხშირად ყოველდღიური ცხოვრების ინერცია იმ ზომამდე ეუფლება ადამიანს, რომ მასში ზედმეტად მიჩქმალული, ჩახშული და მიძინებულია ეს „უკუმზერა“; მაგრამ არასოდეს არაა იმგვარად მიძინებული, რომ მისი გაღვიძება არ შეიძლებოდეს. ნაწარმოების გაგების შანსს სწორედ ეს შესაძლებლობა შეადგენს.

ჩვეულებრივ, ხელოვნების ნაწარმოების გაგებას ნაწარმოების „ზემოქმედებას“ უწოდებენ. ეს არაა შემთხვევითი. „ზემოქმედება“ გულისხმობს „ძალის მიყენების“, „ძალდატანების“ თავისებურ მომენტს. ცხადია, იგულისხმება არა ფიზიკური „ძალის მიყენება“ და „ძალადობა“, – ხელოვნების ნაწარმოების ზემოქმედება ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედებაა. ამ მხრივ იგი ჰიპნოზურ შთაგონებას ჰგავს. მაგრამ აშკარაა, რომ იგი ამ უკანასკნელისაგანაც არსებითად განსხვავდება. რაში გამოიხატება ეს განსხვავება?

... ჰიპნოზიორი აძინებს პიროვნების ყურადღებასა და მზერას, ხშირად აგრეთვე მის საკუთარ შინაგან მისწრაფებებს, იმპულსებს, ინტერესებს და თავს ახვევს მისთვის უცხოსა და გარეგანს. ამისგან განსხვავებით, ხელოვნების ნაწარმოების ზემოქმედება „ძალდატანებაა“ არა მიძინების, არამედ სწორედ „გამოფხიზლებისა“ და „თვალის ახელის“ მიმართულებით. იგი არის სწორედ ადამიანის მიძინებული სიღრმისეული, საკუთრივ ადამიანური მზერისა და მისწრაფებების „გამომაფხიზლებელი ძალდატანება“, ხოლო რამდენადაც ეს „გამოფხიზლება“ უცხო გავლენებისაგან, შინაგანი და საკუთრივი მზერისა და მისწრაფებების ჩამახშობელი და მიმაძინებელი უცხო, გარეგანი იმპულსებისაგან განთავისუფლებას, „განწმენდას“ გულისხმობს, ამდენად ხელოვნების ნაწარმოების ზემოქმედება არის „განწმენდა“, „განმწმენდელი ძალდატანება“. ყოველივე ამის მიხედვით, გასაგები უნდა იყოს, რომ ხელოვნების ნაწარმოების ზემოქმედება, ჰიპნოტიზირების ნაცვლად, სწორედ „დეჰიპნოტიზირებას“ მოასწავებს. ...

ზურაბ კაკაბაძე. „ხელოვნება და მისი აუდიტორია“. ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება. ნარკვევები.

გამომცემლობა „ხელოვნება“. 1979