ნაწილი II — აქტივობების იდენტიფიცირება და აღწერა

მას შემდეგ, რაც თქვენი მიზნის მიღწევის გზები იდენტიფიცირებული გაქვთ, საჭიროა „გზის გავლის“ დაგეგმვა — ანუ იმ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა, რომელიც აუცილებელია „გზის გასავლელად“.

მაგალითი:  თუ A პროექტის მიზანია X სოფელში სკოლამდელი განათლების სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ამის მიღწევის გზად დასახულია ბაღის თანამშრომლების ტრენინგი, დასაგეგმი იქნება რა აქტივობებია აუცილებელი ტრენინგის განსახორციელებლად — კვალიფიციური ტრენერების გუნდის იდენტიფიცირება, ტრენინგის დაგეგმვა, მასალების მომზადება, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, ჩატარება და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ აქტივობების ჩამოთვლა საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია თითოეული აქტივობის მოკლე, კონკრეტული აღწერა.

მაგალითი: თუ ერთ-ერთი იდეტიფიცირებული აქტივობაა ტრენინგის დაგეგმვა, მისი მოკლე აღწერა იქნება, რას ვგულისხმობთ: ბენეფიციარების არსებული და სასურველი კომპეტენციების განსაზღვრა, ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, სასურველი სწავლის შედეგების ჩამოყალიბება, ძირითადი თემების იდენტიფიცირება, ტრენინგის განრიგისა და მიმდინარეობის დაგეგმვა და ა.შ.

სასურველია, რომ აქტივობის მოკლე აღწერასთან ერთად, მოცემული იყოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგი.

მაგალითი: ჩვენს მაგალითს რომ მივყვეთ, ტრენინგის დაგეგმვის აქტივობის შედეგი იქნება ტრენინგის დეტალური გეგმა (სილაბუსი) და ტრენერის გეგმა (კონკრეტული, დეტალური მიმდინარეობა).

მოკლე შეჯამება:

  • პროექტისათვის აუცილებელია, განხორციელების გზების კონკრეტული აქტივობების იდენტიფიცირება.
  • თითოეული აქტივობისთვის საჭიროა მოკლე აღწერისა და ხელშესახები შედეგის გაწერა.
  • თითოეული აქტივობას მითითებული უნდა ჰქონდეს შესრულების დრო.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 27 2014, 1:53